საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
ამის შესახებ კახა კალაძემ, ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
მინისტრის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარლამენტში, არჩევნების შემდეგ, უმრავლესობით დაბრუნდება.
“პარტია “ქართულმა ოცნებამ” თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა, ეს კანონი პარლამენტში უკვე შესულია და როდესაც პარლამენტში უმრავლესობით დავბრუნდებით, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს ჩვენი ინიცირებული არ არის, მისი ინიცირება კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოახდინა, გაიარა ცესკოში და დღეს როგორც ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას”,– აღნიშნა კახა კალაძემ.