„მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, – დაუშვებელია მათზე თავდასხმა, ვინც ცდილობს დაიცვას“ ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მინისტრმა 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი არის თავად და თვლის, რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა.
„კიდევ ერთხელ ავხსნი, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა მე, და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი. აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ ნაწილს და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ „ბულინგის“ სახით მოუწყოს სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც საზოგადოების ყველა მხარესთან ერთად უნდა დავსხდეთ და დეტალურად განვიხილოთ. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მე მგონი ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. ასევე, უნდა შევთანხმდეთ, დაუშვებელია იმ ადამიანების „ბულინგი“ და მათზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია დაიცვას. თითოეული ღირსეული პოლიციელი, ვინც იმ მძიმე ღამეს კეთილსინდისიერად შეასრულა თავის ფუნქცია, ის ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ასეთი ხალხი იქ იყო რამდენიმე ასეული და ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური. რატომ არ გინდათ, რომ დავიწყოთ საერთოდ მიზეზებით რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ დაიწყო. სამწუხაროდ ეს ადამიანები იყვნენ იძულებული გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპორციულობაზე ვსაუბრობთ – მართლაც გვაქვს, ჩვენ თვითონ დაფიქსირებული რამდენიმე მძიმე შემთხვევა და ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ შემთხვევაზე გვქონდეს სწორი, გამჭირვალე და საზოგადოებისთვის მისაღები რეაგირება. იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ “ბულინგის“ სახით მოუწყოს სასამართლო”
2019/06/27 22:20:16

კომენტარები
ნანახია: 550 ჯერ