ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი, ოზურგეთშიი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, გომის მთაზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს და “ქართულ ოცნებას” ოზურგეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კანონდარღვევებში ადანაშაულებს.
“ექსკლუზივ ნიუსი” სტატუსის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებულ ღონისძიებაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის დასწრება და მისი მხრიდან სამომავლო გეგმებზე საუბარი ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა ქმედებად, რომელიც საჭიროებდა სპეციალური კომპეტენციის ორგანოს მხრიდან საფუძვლიან შესწავლას. ხსენებულის გამო გავაკეთეთ განცხადება, რომლითაც ერთის მხრივ მოუწოდეთ შესაბამის ორგანოს შეესწავლა ფაქტი და მეორეს მხრივ მოუწოდეთ ადმინისტრაციულ ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც დაარღვევდა თანაბარ წინასაარჩევნო გარემოს.
განცხადებას გურიის გუბერნატორის მხრიდან სრულიად გაუაზრებელი პასუხი მოყვა, რომელსაც ან ჩვენი განცხადება არ წაუკითხავს ან და მისმა მენტალობამ მისცა საშუალება საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტა თითხვნად მიეჩნია. რის გამოც დამატებით ახლა უკვე დეტალურად მოგახსენებთ რა გარემოებების გამო მოხდა ჩვენი მხრიდან განცხადების გაკეთება:
– 07.08.2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახსრებით გამართულ ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებოდა და სცენაზე იდგა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
– ამ მოვლენის მუნიციპალიტეტის მხრიდან გაშუქება ისე მოხდა, რომ კანდიდატის საზოგადოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებული ბეჭდური ან ვიდეო მასალა არ გამოქვეყნებულა. ვინაიდან ამ შემთვევაში დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ფორმისადმი საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალი გახლავთ, ამ მომენტის გაუსაჯაროებლობა და საზოგადეობრივი ინტერესისათვის თვალსმოფარება ჩვენს ვარაუდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის;
– ტელეკომპანიების იმედის, რუსთავი 2-ის და პირველი არხის ეთერში ამავე დღეს გავიდა სიუჟეტები, რომლის მიხედვით კანდიდატი საუბრობდა კურორტ გომისმთასთან დაკავშირებულ სამომავმალო გეგმებზე. ტელეკომპანიების იმედისა და მაესტროს ეთერში გასულ სიუჟეტში კი მითითებული გახლდათ, რომ პირი რომელიც იძლეოდა ინტერვიუს გახლდათ – ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში;
საარჩევნო სუბექტების თანაბარი გარემოს შექმნა საარჩევნო კანონმდებლობის უმთავრესი პრინციპი გახლავთ, რასთანაც სრულიად შეუთავსებელია საარჩევნო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დეპუტატობის კანდიდატად საზოგადოებას წარუდგინოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ამის შემდეგ ამასთანავე გახლავთ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ექვემდებარება პოლიცის სხვადასხვა სამსახურები, რომელიც ახორციელებს უშუალო ხელმძღავნელობას და წვდომა აქვს სხვადასხვა სამსახურებრივ რესურსებზე. ხსენებულიდან გამომდინარე რამდენად თანაბარ მდგომარეობაშია სახელისუფლებო კანდიდატი სხვებთან მიმართებაში თავად განსაჯეთ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩვენი განცხადების მხოლოდ სამართლებრივ (მიუხედავად საფუძვლიანობისა) კონტექსტში განხილვა ამ შემთხვევაში არასწრორია, ვინაიდან სახეზე გვაქვს სახელისუფლებო ძალის მხრიდან პოლიტიკური ნების უქონლობა უკეთესობისაკენ შეცვალოს წინასაარჩევნო გარემო.
ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენაზე უფრო მეტად იზრუნებს ქვეყნის მომავალზე და დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის პრინციპები საკუთარ საჭიროებებზე პრიორიტეტული იქნება.
P.S. ტელეკომპანიებში გასული სიუჟეტები და დეპუტატობის კანდიდატზე მაყურებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია სტატუსის მითიტებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ: მაესტრო – 07.08.2016 წელი 20:31 საათი; იმედი – – 07.08.2016 წელი 17:28 საათი”,-წერს კახა ჩავლეიშვილი