საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს. მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი და მიმართული იქნება მხოლოდ იმისკენ, რომ ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მივიდეს.
“დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გააქტიურებისთვის. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია. სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად შეადარებ 2012 წლის არჩევნებს.
”ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.