„20 ივნისის მოვლენების გამო, როგორც ქართველი მსახიობი, რუსეთში დამბლოკეს,“ – „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს მსახიობი ვახო ჩაჩანიძე.
მსახიობმა შესარჩევი ქასთინგი მაისში, ქალაქ მინსკში, გაიარა. ჩაჩანიძე მთავარ როლზე დაამტკიცეს. ჩერქეზი იბრაგიმი, დადებითი პერსონაჟი უნდა ეთამაშა…
1969 წელს „მოსფილმმა“ რომანის Угрюм-река-ს 4 სერიანი ეკრანიზაცია გადაიღო, რომლის რიმეიქის გადაღებაც რუსეთის პირველმა არხმა ისევ დაუკვეთა „მოსფილმს“. სერიალის რეჟისორი გახლავთ იური მოროზი („ძმები კარამაზოვები“, „ინკვიზიტორი“, „მოთამაშე“), პროდიუსერი კონსტანტინ ერენსკი. „ეს გვარები რამეს გეუბნებათ? პუტინის გარემოცვაა“ – ამბობს მსახიობი.
შვიდთვიან პროექტს წინ სამთვიანი მზადება უძღოდა. როლზე დამტკიცებული ქართველი მსახიობი რუსეთში 1 ივლისს უნდა გაფრენილიყო. გადაღებები მინსკსა და მოსკოვში იგეგმებოდა. ვახო მზად იყო მთავარი როლის შესასრულებლად. შვიდი თვეც მშვიდად იქნებოდა, საყვარელი საქმის ანაბარა, მსუყე ანაზღაურებით ჯიბეში… მაგრამ…
ვახო ჩაჩანიძე: – ჩვენთან 20 ივნისის – ე.წ. „გავრილოვის ღამე“ იყო. ამ მოვლენების შემეგ გადავურეკე პროდიუსერს და გადავამოწმე, რაიმე ხომ არ შეიცვალა-მეთქი? არაო, მითხრა. მეც ჩავლაგდი და მოულოდნელად მირეკავენ – ამ ეტაპზე ქართველი მსახიობისგან თავს შევიკავებთო. წარმოიდგინეთ – იცი, რომ შვიდი თვით მიემგზავრები, განწყობილი, დაგეგმილი ხარ და გაფრენამდე სამი დღით ადრე გატყობინებენ, რომ როლიდან მოხსნილი ხარ!!! მთელი ზაფხული ამოტრიალდა! არ გამკვირვებია. ვიცოდი კიდეც და დავრწმუნდი, რომ რუსები ხელოვნებას, სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან აიგივებენ. მე მაგ ხალხის ვერაფერი გავიგე. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ქართველი უფრო უნდა დაეკავებინათ. მერე პროდიუსერმა კიდევ დამირეკა, ახლა რომ სამ თვიანი ვიზა მოგცენ და მერე ვიზა ვეღარ აიღო, რაღა ვქნათო? ვითომ ეს იყო პრობლემა და უარის მიზეზი. ჩვენ ხომ არ ვიცით რუსული „ვლასტი“ რას იზავსო? მე ვუპასუხე, ტელევიზიის „ვლასტი“ ვიცი რაც არის-მეთქი. სამი თვე მსახიობს რომ გადაიღებ და ის ისევ გჭირდება, ზუსტად ვიცი, ამ დროს ტელევიზია ვიზის გაკეთებას როგორ მოახერხებს. ასე რომ, სისულელეებს ნუ მეუბნებით, გასაგებია თქვენი გადაწყეტილება-მეთქი.
გარდა იმისა, რომ ხანგრძლივი პროექტი იყო და მაღალ ანაზღაურებადი, ჩემთვის დიდი ტრამპლინი იქნებოდა. მაგრამ ჩაიშალა! გული მწყდება, რომ ასე მოხდა იმ მიზეზით, რომ ქართველი ვარ. მაგრამ არა უშავს, უკეთესები იქნება კიდევ… ერთის მხრივ ეს მახარებს კიდეც. თუ როგორც მტერს, ისე მიყურებენ, დაე, ჩამთვალონ მტრად! მე ქართველი ვარ და ყოველთვის ქართველი ვიქნები!
– 20 ივნისის ღამის შემდეგ გენდომებოდა წასვლა?
– მენდომებოდა. მე სხვანაირად ვხედავ ჩვენს ბრძოლას. მე ჩემი საქმით ვიბრძვი. ღმერთმა დაგვიფაროს, ავტომატამდე მივიდეს საქმე. სანამ ივანე ჯავახიშვილისნაირი კაცი გვეტყვის, რომ წიგნი გადადეთ და იარაღი აიღეთო, ანუ სანამ იქამდე მივალთ, ჩემი ბრძოლა ჩემი საქმეა. ჩემ ბრძოლად მიმაჩნია ის, რომ მე რუსეთში საქმიან ვიზიტზე ვინმეს უარი კი არ ვუთხრა, არამედ საქმით და ქცევით, დავანახო, რომ რაც მათ ჩვენზე ინფორმაცია აქვთ, ტყუილია!