“მიმდინარე წლის არჩევნებში ელექტორატის განსაკუთრებული აქტიურობა მოსალოდნელი არ არის. პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს, ამ მიმართულებით პირადად იაქტიუროს და ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდოს“- ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამგვარ საქმიანობას შედეგი არ მოჰყვება.
“არა მგონია, ხალხი ამ მოწოდებებს გამოეხმაუროს. საერთოდაც, გიორგი მარგველაშვილი არჩევნებზე კი არ ზრუნავს, ის ვირეშმაკობს. იგი მომავალზე ფიქრობს. გარკვეული ხნის შემდეგ მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება. იგი საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ზრუნავს და ცდილობს, რაღაცით დაკავდეს.
პრეზიდენტი არაფერს აკეთებს. საუბედუროდ, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი მთელი დღეების განმავლობაში ნებივრობს პრეზიდენტის ძვირფას სასახლეში. ერთი დღის წინ რომ ახალგაზრდებს შეხვდა, არც მაშინ უთქვამს რაიმე საყურადღებო და არც მანამდე. ახალგაზრდებს შეხვედრისას ეღიმებოდათ. მისი განცხადებები, ემოციები კრიტიკას ვერ უძლებს. პრეზიდენტს საქმე არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მან მახათიც დაკარგა. მრჩევლებიც არ ჰყავს ნორმალური, რომ რჩევები მისცენ. აუჩემებიათ, რომ ვიღაც-ვიღაცები მედასავლეთეები არიან. მათში მოიაზრებიან, მაგალითად, მარგველაშვილი და ბოკერია. გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხსა და მათ შეხედულებებს არაფერი აქვთ საერთო დასავლეთთან და იქაურ კულტურასთან. დასავლეთი ბევრად მეტია და სხვაა, ვიდრე ამათი ვიწრო და არასწორი აზრები. ასეთი ხალხის შემხედვარეს, ილიას ასეთი გამოთქმაც გახსენდება – „კაცია ადამიანი?!“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობით მოქალაქეები ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში უნდა ჩაერთონ. აღნიშნული რეფერენდუმითაც არის შესაძლებელი. თუმცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა. ამ საკითხზე აბრალავა აცხადებს, რომ რეფერენდუმი მოქალაქეების უფლებაა, თუმცა პრეზიდენტის ქმდებებსა და განცხადებებს სამარცხვინოსა და არაფრისმომცემს უწოდებს.
“რეფერენდუმი მოქალაქეების უფლებაა. გიორგი მარგველაშვილის მოქმედებები და განცხადებები იმდენად არაფრისმომცემი და ხანდახან სამარცხვინოა, რომ მისგან არაფერია გასაკვირი. მივეკუთვნები ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს. ბევრს გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გიორგი მარგველაშვილი ხშირად ფხიზელი არ არის”, – აღნიშნავს აბრალავა.
ანზორ აბრალავას თქმით, მარგველაშვილი რომელიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ზრუნავს, მის გუნდს მიხეილ სააკაშვილის პარტიის ნარჩენებიც შეურთდებიან.
“მიხეილ სააკაშვილის პარტიის ნარჩენები, ასევე „ახალი მემარჯვენეების“ ჯგუფი. ნაციონალურ მოძრაობას მძიმე გენეალოგია აქვს. თავიდან იყვნენ კომპარტიის უარესი და გასვრილი წარმომადგენლები. შემდეგ ისინი გაერთიანდნენ მოქალაქეთა კავშირში, საიდანაც შემდეგ აღმოცენდა სააკაშვილის “ნაცმოძრაობა”. ბოლო დროს “ნაციონალური მოძრაობიდან” წარმოიშვა “გირჩი” და სხვები, რომლებსაც შეიძლება, ნაძვის ხე ან სხვა სახელები ერქვას. პრეზიდენტის მრჩეველია ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც აკავშირებს გიორგი მარგველაშვილს მამუკა კაციტაძის „ახალ მემარჯვენეებთან“. აი, ამ ხალხთან და თავის თანამშრომლებთან ერთად აპირებს ის პოლიტიკურ საქმიანობას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმები აქვს. მარგველაშვილს გარკვეული ჯგუფები მოიაზრებენ გარკვეული ზეპარტიული მოძრაობის ლიდერად. არა მგონია, მან ლიდერობა შეძლოს. მარგველაშვილი იყურება წინ, მაგრამ იქნება ყოველთვის უკან. ის გაშიფრულია”, –აცხადებს ანზორ აბრალავა.
წყარო: “ახალი თაობა“