თუ პენსიის ზრდა არის ამომრჩევლის მოსყიდვა, გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, რომ ისინი შეამცირებენ პენსიებს. ეს იყოს მათი საარჩევნო დაპირება,- ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.
სუბარის თქმით, მასწავლებლების ხელფასი იზრდება და ხდება ძალიან ღირსეული, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა.
“თუ პენსიის ზრდა არის ამომრჩევლის მოსყიდვა, კი ბატონო, გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, რომ ისინი თუ გაიმარჯვებენ არჩევნებში, შეამცირებენ პენსიებს. ეს იყოს მათი საარჩევნო დაპირება. მასწავლებლების ხელფასი იზრდება და ხდება ძალიან ღირსეული, რაც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ ისეთი კანონი, რომელიც გაუძნელებს ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას (2028-ის მერე ვინც გაიმარჯვებს, მანამდე ჩვენ მოგვიწევს ამის დაცვა) განათლების ბიუჯეტის შემცირებას“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ვალის შესახებ ოპოზიციის პოპულისტურ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც საგარეო ვალი არ აქვს.
“ჩვენი ვალის სტრუქტურა ამ წუთში არის ყველაზე ჯანსაღი, რადგან მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ვალის მოცულობა არის იმ პარამეტრებში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს პრობლემას არ უქმნის. პრობლემა იყო 2008 წლის შემდეგ აღებული 4 მილიარდი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ შემოგვასაღა, როგორც გრანტი, საჩუქარი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს იყო ვალი, რომელიც არ ვიცით, რაში დაიხარჯა“, – აცხადებს სოზარ სუბარი.