”პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან შიმშილობას განაგრძობს.
ფერაძე ყაზბეგის ქუჩა 24 ნომერში ხეების მოჭრას აპროტესტებს.
”ჩვენ მოვითხოვთ, რომ აუცილებლად გადადგეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე, რომელიც რეალურად არის მმართველი ამ სამსახურის. ახლა, ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, რომ არ იყოს ერთპიროვნულად დამოკიდებული ერთ უფროსზე და იყოს სწორი სტრუქტურა, სადაც ნებისმიერი კადრი შეძლებს მის სწორად მართვას. მათი მხოლოდ გათავისუფლება არ არის საკმარისი. პარალელურად უნდა აღიძრას საქმე, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ რატომ მოხდა ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ათეულობით სხვა ფაქტებზე. გარდა ამისა, ვიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ასე ადვილად არ მოხდეს სარეკრეაციო ზონების ათვისება”, – განაცხადა ფერაძემ და აღნიშნა, რომ მასთან კომუნიკაცია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, მათ შორის მერიიდან არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათზე, ოპერის მომღერლის ინიციატივით მორიგი საპროტესტო აქცია იპოდრომზე გაიმართება, რის შემდეგაც თბილისის მერიისკენ მსვლელობა დაიწყება.
ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა გუშინ დაიწყო.