ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
“ხედავთ რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს”, – აღნიშნა პრემიერმა. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლოს და საკუთარი ოჯახი უზრუნველყოს.
“ჩვენ გვაქვს მორალური უფლება თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, მოსახლეობის მხარდაჭერა და პარლამენტში მყარი უმრავლესობაა საჭირო.
“შემოვუძახოთ ერთმანეთს მეტი კონსოლიდაციისკენ, საჭირო არის მეტი მობილიზება, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ჩავყაროთ ის საფუძველი, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი, ამიტომ საჭიროა სტაბილური პარლამენტი და მყარი უმრავლესობა”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.