დეპუტატი თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ მასთან დაკავშირებული საარჩევნო გაერთიანების შემადგენლობაში ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” სანდრო ბრეგაძე და ლალი მოროშკინა არ არიან.
”დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტი სახელწოდებით – ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის”, რომელიც პარტია ”ენა, მამული, სარწმუნოებას” ბაზაზე შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფში ჩემთან, ია მეტრეველთან და დავით ფაცაციასთან ერთად, ასევე იყვნენ ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე. ამის შემდეგ ოთხმა სუბიექტმა: ”ენა, მამული, სარწმუნოება”, ”ქართული იდეა” ”სახალხო ხელისუფლება” და ”ქალთა პარტია” გადაწყვიტა არჩევნებში ერთიანი ბლოკით ეყარა კენჭი. რამდენიმე დღის წინ, როცა ჩვენ კოალიციის შექმნის შესახებ გამოვაცხადეთ, შეიქმნა წესდება, რომელიც აღნიშნულ სუბიექტებს უნდა დაემტკიცებინა. შეკრებას მე არ დავსწრებივარ, რადგან არც ერთი პარტიის თავმჯდომარე მე არ ვარ, შეიკრიბნენ მხოლოდ პარტიების თავმჯდომარეები და წესდება დაამტკიცეს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ლევან ჩაჩუამ უარი თქვა წესდების მხარდაჭერაზე. როგორც მითხრეს, პროტესტი გამოწვია იმან, რომ წესდებით, ბლოკი უნდა წარმდგარიყო სახელწოდებით ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” და ბლოკის ლიდერი ვყოფილიყავი მე, რაც ასევე არ გაიზიარეს ლალი მოროშკინამ და სანდრო ბრეგაძემ”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” თამაზ მეჭიაურმა.