სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მდინარე არაგვზე ტერორისტული აქტი აღკვეთა. რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე პირი, მათ შრის საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც იღებდა.
ტერორისტული აქტი მდინარე არაგვზე უნდა მომხდარიყო, კერძოდ დაგეგმილი იყო, რუსეთ-სომხეთის სამაკავშირებელი მილსადენის აფეთქება.
ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.