ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა.
ამის შესახებ ბექაურის ინტერესების დამცველმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
“რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, თქვა, რომ მოტივი აქვს რუსულ აგრესორებთან დაკავშირებით, ვერ ვიტან რუსულ აგრესორებსო და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო. როგორც ბექა ამბობს, ჩვენებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.
ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ბექაური არის ნაცემი და აცხადებს, რომ ის სპეცრაზმელებმა დაკავების დროს სცემეს.
„ჩვენების მიღების მიზეზით ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რადგან ვრცელდება მსგავსი შინაარსის ინფორმაცია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ როდესაც ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა მე უკვე ნაცემი ვიყავიო და არანაირი იძულება არ ყოფილა ჩვენების მიცემისასო. მე თავიდანვე ვაღიარებდი, რომ მე ვიყავი ორგანიზატორი აღნიშნული ტერორისტული აქტისო“, – განაცხადა ადვოკატმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში.
ამასთან ჭრელაშვილის განცხადებით, ბექაურმა დაზიანებები ტყეში მიიღო.
“დაზიანებები მიიღო ტყეში, როდესაც მისი დაკავება მოხდა. ის იყო სპეცრაზმელების მიერ ნაცემი. ასე, რომ სუს-ის ოპერატიული ჯგუფის და გამომძიებლების მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი. აქედან ერთი ბრალდებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს, სხვები კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
საქალაქო სასამართლომ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.