ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურის ადვოკატის, მაია ჭრელაშვილის განცხადებით, საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ დაკავებულები შესაძლოა, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.
როგორც ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაჰაბიზმის მიმდევრობას კატეგორიულად გამორიცხავს.
„საქმეში დევს ფეისბუქის გვერდები, მითითება არის, რომ, სავარაუდოდ, ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან. ბექაურს ჰკითხა გამომძიებელმა და უთხრა, რომ არ ვართ მიმდევრებიო“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჭრელაშვილის თქმით, ბექაური ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის ფონზე სურათი მიზანმიმართულად არ აქვს გადაღებული.
„ბექაურმა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და სხვა რელიგიასთან შემხებლობა არ აქვს“, -აცხადებს ადვოკატი.
მაია ჭრელაშვილის განცხადებით, ბექაური წარდგენილ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული.
”ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია გამული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება”, – განაცხადა ბექა ბექაურის ადვოკატმა.
რაც შეხება ბრალდებულის ცემის ფაქტს, ადვოკატი ბექაურზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბექაური დაკავებისას ერთმა სპეცრაზმელმა სცემა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამოძიებას აქვს მასალები, რომლითაც ტერაქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულების ვაჰაბიზმთან კავშირი დასტურდება.
„ბრალდებულების ვაჰაბისტებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი”, – აცხადებენ სუს-ში.
ადვოკატი: ბექაურმა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია და სხვა რელიგიასთან შემხებლობა არ აქვს
2016/08/23 18:24:57
კომენტარები
ნანახია: 1949 ჯერ