პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივ ხელისუფლებას, “ქართული” ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და უწყებათაშორის კომისიას კანონდამრღვევი პირების დასჯის მოთხოვნით მიმართავს.
გურიის გუბერნატორის გვერდზე სოციალურ ქსელში (facebook.com) 20.08.2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გაიხსნა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის პრეზენტაციას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი. ინფორმაციაში ასევე არის აღნიშნული, რომ საწარმოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი გამოუყო. კერძოდ საწარმოს აღებული აქვს შეღავათიანი აგროკრედიტი 99,600 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე გვერდზე არსებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სახსრების გამოყენებით დაფინანსებული საწარმოს პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გარდა ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მისი საარჩევნო შტაბის უფროსი ბეგლარ სიორიძე.
რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ასევე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამავე პრეზენტაციაზე კანდიდატი აწარმოებდა წინასაარჩევნო აგიტაციას.
როგორც გუბერნატორის ისე მაჟორიტარი კანდიდატის გვერდებზე გამოქვეყნებულ ვიდეო და ფოტო მასალიდან ჩანს, ორივე გვერდზე გავრცელებული მასალა გადაღებულია ერთიდაიმავე ტექნიკური საშუალებებით, კერძოდ გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვიდეოკამერით ადმინისტრაციის ოპერატორის მიერ. მიუხედავად ამისა ორივე მხარე ცდილობდა მათი ერთობლივი ვიზიტისა და წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ ფაქტი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ გამხდარიყო. ასევე შეხვედრის მასალებიდან ირკვევა, რომ შეხვედ-რას არ ესწრებოდა არცერთი მედიასაშუალება, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურდა მომხდარიყო შეხვედრის სრული გაშუქება და წინასაარჩევნო დარღვევის გამოაშკარავება.
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციამ ერთხელ უკვე გააპროტესტა სახელმწიფო სახსრებით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ოცნების კანდიდატის მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო აგიტაცია, ასევე ერთხელ უკვე მოვუწოდეთ როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციას ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ მოეხდინათ წინასაარჩევნო გარემოს დისბალანსი.
მასალებიდან მთლიანობაში დასტურდება, რომ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან განხორციელებული ქმედება აშკარად ატარებს საარჩევნო კანონმდებობის უხეშად დარღვევის ნიშნებს, კერძოდ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო გარემოს თანაბრობის დარღვევა. ხსენებულიდან გამომდინარე მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას შეისწავლოს ხსენებული ფაქტი და მოახდინოს დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა.
http://guriismoambe.com/