საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ 23 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი პლენუმის სხდომის ჩაშლის მიზეზები არ არსებობდა.
ტურავა ვარაუდობს, რომ „ვიღაცამ, ალბათ, ჩათვალა, რომ იმ პროექტს, რომელიც მისთვის იყო მისაღები, შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებოდა და პლენუმიც ამიტომ გადაიდო“.
„23 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო პლენუმი უნდა ჩატარებულიყო, სადაც სამუშაო ჯგუფის წევრთა ორი დასკვნა უნდა განგვეხილა. მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ ერთ შემთხვევაში , „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ და მეორე შემთხვევაში, „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, სარჩელების შეცვლას, ამან მთელი რიგი მოქმედებების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. ამიტომ, ხუთმა მოსამართლემ, ანუ უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წერილით მიმართა.
შესაბამისად, სამუშაო ჯგუფი სამი მოსამართლისგან შედგებოდა, აქედან, ერთმა დასკვნის პროექტი მოამზადა, თუმცა ერთ-ერთი არ დაეთანხმა და ალტერნატიული პროექტი დაწერა. ჩემი აზრით, პლენუმის გადადების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ცხრავე მოსამართლე ადგილზე ვიყავით. ჩემი ვარაუდია, ვიღაცამ, ალბათ, ჩათვალა, რომ იმ პროექტს, რომელიც მისთვის იყო მისაღები, შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებოდა და პლენუმიც ამიტომ გადაიდო, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია“,-განაცხადა ტურავამ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, უცნობია, როდის გაიმართება პლენუმის სხდომა.
„მიზანმიმართულ მოქმედებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები დარბაზში უნდა მივეწვიეთ და სამუშაო ჯგუფის ორი წევრის მიერ მომზადებული დასკვნები განგვეხილა, მაგრამ დარბაზში არ დაგვიძახეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, მოსამართლეები პლენუმის ჩასატარებლად მზად არ იყვნენ, ანუ რომელიმე მოსამართლე დასკვნას უნდა გაცნობოდაო. ასეთი ტექნიკური პრობლემა შეიძლება მართლაც, არსებობდა, მაგრამ ამაზე ახსნა-განმარტება არცერთი მოსამართლისგან არც წერილობით მიმიღია და არც ზეპირი, ამიტომ, ვფიქრობ, 23 აგვისტოს საორგანიზაციო პლენუმი ხელოვნურად გადაიდო. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, პლენუმი როდის გაიმართება“,-განაცხადა მერაბ ტურავამ.
ამასთან, მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი და იგივე სარჩელის არსებობის შესახებაც საუბრობს.
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის შემოტანილ სარჩელს მოსამართლეს გადაუგზავნიან და უცებ კანცელარიაში იგივე ნომრით, იგივე საქმეზე ახალი სარჩელი აღმოჩნდება, სადაც სხვა მოთხოვნაა დაყენებული, ანუ კონსტიტუციის მუხლებია შეცვლილი, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას, ვინც პირველი სარჩელი წაიკითხა, გაუჩნდა განცდა, რომ ეს სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა და ამიტომ მოსარჩელეს ურჩია, სარჩელის შინაარსი და მოთხოვნები შეეცვალა, რათა გადაწყვეტილების მიმღებს მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო. კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებ. სამუშაო ჯგუფი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ამ „ვიღაცის“ ვინაობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინოს. საბოლოო ჯამში კი, პლენუმმა უნდა თქვას, ადგილი კანონდარღვევას ჰქონდა თუ არა და თუ არ ჰქონდა, ეს კანონდარღევვა რა სახისაა“,-აღნიშნა ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საორგანიზაციო პლენუმის სხდომა 23 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.
” ვფიქრობ, 23 აგვისტოს საორგანიზაციო პლენუმი ხელოვნურად გადაიდო”
2016/08/26 13:09:34
კომენტარები
ნანახია: 1813 ჯერ