საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩსს შეხვდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ლატვიის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ლატვიის თანადგომა მომავალშიც მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, დზინტარს რასნაჩსმა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, ლატვია ამ საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადასაწყვეტად ძალისხმევას არ დაიშურებს.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გარღმავების საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და სამართლებრივ სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პენიტენციისა და პრობაციის სფეროში რეფორმების დადებით შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
ლატვიის იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სფეროებში საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა.
დღესვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგის პრობაციის ბიუროს ეწვია და მუშაობას ადგილზე გაეცნო.
კახა კახიშვილი რიგაში დზინტარს რასნაჩსის პირადი მიწვევით იმყოფება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც სტუმრობდა.
ქართული დელეგაცია მინისტრთან ერთად, ოლაინეს ციხესაც დაათვალიერებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი. ასევე, რიგაში მიმდინარე შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია ესწრება.
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
2016/08/26 13:35:20
კომენტარები
ნანახია: 1633 ჯერ