მე ეჭვი მეპარება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს შეძლოს, თუმცა რისკი არსებობს”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მძიმე სანახავია ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება.
”ვიცი, თუ რა არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ერთგვარი მწვერვალი იურისპრუდენციის იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თავს იყრიან ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი განსაკუთრებული რეპუტაციით, კვალიფიკაციით და საქმის პატივისცემით. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან მძიმე სანახავია ის პროცესები, რაც ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოში ვითარდება. 2012 წლამდე ეს ორგანო ძალიან პასიური იყო და 2012 წლის შემდეგ გააქტიურდა. ამ ყველაფერს ერთი და იგივე საფუძველი აქვს – კონკრეტული მოსამართლეები დაქვემდებარებული არიან პოლიტიკურ კონიუნქტურას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ბოლო პროცესებზე, რაც შეეხება სარჩელის შეცვლას, შეიცვალა სარჩელი და ეს შეიცავს მძიმე გადაცდომის ნიშნებს. ამ შემთხვევაში დაირღვა კანონი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ეს არის ძალიან მძიმე გადაცდომა, რაც შეიძლება კონკრეტული დანაშაული ნიშნებს შეიცავდეს და საჭიროა სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება.
კობახიძის განმარტებით, მძიმე გადაცდომას წარმოადგენს 23 აგვისტოს მომხდარი შემთხვევაც, როცა უნდა დადებულიყო პირველ გადაცდომაზე დასკვნა და უნდა გამართულიყო პლენუმის სხდომა, ორ განსხვავებულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც გაუგებარი მიზეზებით გადაიდო.
”ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ გიორგი პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა, რაც საშუალებას მისცემდა, რომ მისთვის სასარგებლო დასკვნა დაფიქსირებულიყო პლენუმის მიერ და ამის გამო მოხდა პლენუმის სხდომის ჩაშლა. ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადოს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებების მიერ განახორციელოს ზეწოლა ამ მოსამართლეებზე, რათა შეძლოს რაიმე ფორმით მათი სასურველი დასკვნის მიღება. მე ეჭვი მეპარება ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს შეძლოს, თუმცა რისკი არსებობს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ „ის პროცესი, რომელიც ამ ორგანოს დისკრედიტაციას იწვევს, მალე დარულდება“.