შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.
”გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.