ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე, პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.
„საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე, პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თითქოსდა გამოყენებული იქნა ზეწოლის მიზნით, 2015 წლის 15 ივლისს, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო საქართველოს შს სამინისტროში, რომელიც ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტს შეეხებოდა. მისი აქტიური თანამშრომლობის და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მხილებული იქნა თაღლითური ჯგუფი, რომელიც მოტყუებით დაეუფლა რუსეთის და საქართველოს მოქალაქე ალა მაამდის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას. ჩადენილი დანაშაულისთვის სოფია ფრიდს, ინგა პოლიაკოვას, გიორგი კორძაიას, მამუკა ვაშაკიძეს, დავით ხორბალაძეს და დავით ხაჭაპურიძეს წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. სოფია ფრიდი და ინგა პოლიაკოვა, რომელმაც დანაშაულის ჩადენის დროს, „skype“-ის საშუალებით ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანს თავი წარუდგინა როგორც ბინის მესაკუთრე ალა მაამდიმ, თავს არიდებენ გამოძიებას, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტზე ყველა პირი ვისი მხრიდანაც დადგინდა დანაშაულის ჩადენის ფაქტი მიეცა პასუხისგებაში, რის შემდეგაც საქმე 2016 წლის 10 თებერვალს არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა. ხსენებულ სიუჟეტში მოყვანილი გარემოებების მცდარობა, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ პერიოდში როდესაც ზემოხსენებულ თაღლითობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ კონკრეტული პირები და საქმე წარიმართა სასამართლოში განსახილველად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელს იხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ამდენად ცალსახაა, რომ ხსენებული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებენ პროკურატურაში.