გოდერძი თევზაძე მას შემდეგ მიემალა გამოძიებას, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა და ის უნდა მიცემულიყო პასუხისგებაში, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე ათეულობით ადამიანია მოწმის სახით დაკითხული. ”ჩვენ გვქონდა 2 კვირა ამ საქმის გამოსაძიებლად. ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ათეულობით ადამიანი არის ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ჩატარებულია ექსპერტიზები, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და კალიგრაფიული ექსპერტიზა. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამოწურა ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც აუცილებელი იყო ბრალდების წარსადგენად, სწორედ მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენ ავიღეთ დაკავების განჩინება და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი ძებნის და დაკავების ღონისძიება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რა შემთხვევაშიც ჩვენ მივიღებდით დაკავების განჩინებას და ეს მართლაც ასე მოხდა”, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.
პროკურორის თქმით, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ორჯერ დაკითხეს და ის გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.