სომხეთის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრას ეხება.
როგორც საელჩოში განაცხადეს, მზადდება განცხადება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებს.
„მივიღეთ მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაში, რესპუბლიკის დაარსების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით”, – წერს კან ტანია სოციალურ ქსელში.
საზეიმო ღონისძიება სტეფანაკერტში გაიმართა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, სომხეთს ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.