გერმანული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობას სამართალდაცვით სფეროში წარმატებულს უწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეორე სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მღებრიშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გერმანიის სამ ფედერალურ მიწას: საქსონიას, ბადენ-ვიურტემბერგსა და ჰესენს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგს, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შს მინისტრ თომას შტრობლს და ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრ პეტერ ბოითს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგებს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და შს სამინისტროში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
გერმანიის ფედერალური მიწების შს მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შს მინისტრის გადაწყვეტილება, პირადად სწვეოდა ცალკეულ ფედერალურ მიწებს, ვითარების ადგილზე გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.
საქართველოს შს მინისტრმა კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
გერმანული მხარე ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას სანიმუშოს უწოდებს, – ამის თაობაზე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ემილი ჰამბერგმა საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული გამოდგა.
გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დასრულდა
2016/09/05 12:02:09
კომენტარები
ნანახია: 1476 ჯერ