როგორც პოლიფონიაშია, როცა სხვადასხვა ხმა ერთობლიობას ქმნის, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე – საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთერთი უმთავრესი ინსტიტუტის, პარლამენტის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია” შესახებ ესაუბრა – საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა.
,,მე მიმაჩნია, რომ როცა საარჩევნო უბნებთან მივალთ შედეგად მივიღებთ არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს. როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმა, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ. ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი, რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის, რაც მე, როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს უმთავრეს მოთხოვნად მაქვს ჩამოყალიბებული. თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლექციის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.