ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, დაკავებულს უკვე შეხვდა და იცის, რომ ბრალს არ აღიარებს.
კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭ.
პერტაიას განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.