შინაგან სამეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა და არც ერთი პირი არ დაჭრილა.
სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტს შინაგან სამეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა.
გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის.
შსს მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.