ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული, – ამის შესახებ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და ამავე პოლიციის გამომძიებლის მიმართ წაყენებული ბრალდების საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბრალდებულ გიორგი კაჭარავასთვის და ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი ამოიღო და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღო.
სახელმწიფო ბრალდება კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს.