სოფელ ფლავისმანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე შსს განმარტებას აკეთებს.
მომხდარ ფაქტზე უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატს ადგილობრივებმა მათი საცხოვრებელი სახლების ღობეებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს. არსებული დაპირისპირება კი, სამართალდამცავებმა განმუხტეს.
“მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პარტია ნაციონალური მოძრაობის გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.
“გამოკითხვისას მოსახლეობამ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ, მასზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული.