თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 28 სექტემბერს გამოაცხადებს.
ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების ფაქტზე სასამართლო განხილვები მას შემდეგ დაიწყო, რაც სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მამუკა ახვლედიანის სარჩელის წარმოებაში მიღება დაავალა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პირველი პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ მხარეების არგუმენტები მოისმინა. როგორც მამუკა ახვლედიანის ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას და გააუქმებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრძანებას, რომლითაც მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა.
„როდესაც საუბარი გვაქვს დისციპლინურ დარღვევებზე, აუცილებელია გამოყენებული იყოს სადისციპლინო პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობა და არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთპიროვნულად გაათავისუფლოს პირი თანამდებობიდან. ვფიქრობთ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ბათილად ცნობს აღნიშნულ აქტს. მართალია, ეს ბატონი მამუკას თანამდებობაზე აღდგენას არ გამოიწვევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქტის ბათილობის საკითხი დადგეს“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანის ინტერესების დამცველმა თეო ზაქარეიშვილმა.