გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ დათა ახალაია მიხეილ ბიბილურიძეს და გერონტი ალანიას თანხას უგზავნიდა, – ამის შესახებ კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, საქმეზე ერთ-ერთმა ყოფილმა მსაჯვრდებულმა, მიხეილ ბიბილურიძემ დღეს საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა.
როგორც მიხეილ ბიბილურიძემ აღნიშნა, ახალაიას მიერ შეგზავნილმა თანხამ საერთო ჯამში დაახლოებით 100 ათას დოლარი შეადგინა.
მისივე თქმით, ციხეში სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ პირობებში იყო.
„სანამ გამოვიდოდით ეს თანხა 100 ათასამდე ავიდა. მნახველების შემოსვლა ჩვენთან შეზღუდული არ იყო. პრობლემა არასდროს შეგვქმნია. 4 თვე ნახევარი ვიყავით და ამ პერიოდში ერთხელ მოვიდა დათა ახალაია“, – განაცხადა ბიბილურიძემ.
მიხეილ ბიბილურიძე ოქროყანაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს.
„დამირეკა ალანიამ, წავედით მთაწმინდისკენ. მივედით ოქროყანის სასაფლაოსთან. ადგილზე დავინახეთ, რომ დავით ქოქიაშვილს ერთ-ერთი პირი ძირს ჰყავდა დაგდებული. პირით ზევით დაწვენილი იყო. ქოქიაშვილი თავთან იყო და ზედ ფეხი ედგა. დავალებებს პირადად დათა ახალაიასგან ვიღებდი. მე და სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს ავთანდილ აფციაურს, ლევან ბუხაიძე გვებარა, დავით ქოქიაშვილს და რამდენიმე სამართალდამცავს კი სანდრო გირგვლიანი. ბუხაიძეს და გირგვლიანს ერთმანეთთან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ. გასროლის ხმა გავიგეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქოქიაშვილს გაუვარდა იარაღი. მერე ისმოდა გაურკვეველი ხმები. შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ გაიქცა ის ნაბიჭვარიო“, – განაცხადა ბიბილურიძემ.
მისივე თქმით, მეორე დილას საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო ოქროყანაში მომხდარის შესახებ.
როგორც ბიბილურიძე აცხადებს, დეტალების გასარკვევად ალანიას დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული პიროვნება გაქცევისას ხევში გადავარდა და გაიყინა.
„მოგვიანებით გავიგე, რომ დათა ახალიას და ერთ-ერთ პიროვნებას შორის რესტორანში უთანხმოება მოხდა. გერონტი ალანიამ მითხრა, რომ ახალაიამ დამირეკა და მთხოვა, ამ პიროვნებისთვის ჭკუა მესწავლებინა”, – აღნიშნა ბიბილურიძემ.
როგორც ბიბილურიძე აცხადებს, მომხდარის შემდეგ ის და ალანია „მოდულის“ შენობაში დათა ახალაიას შეხვდნენ, სადაც ახალაიამ მათ განუცხადა, რომ ციხეში უნდა ჩამჯდარიყვნენ და რამდენიმე თვეში შეიწყალებდნენ.
„დათა ახალაიას გარდა, მერაბიშვილსა და ადეიშვილსაც შევხვდით. დათამ მითხრა, უნდა გავხდე მინისტრიო და ეს ყველაფერი რომ გამოვიდეს, თქვენი ციხეში წასვლაა საჭიროო. დავდექით ჩვეულებრივ, წინ ოპერატორი დაგვიდგა კამერით, იქ იდგნენ სპეცრაზმის ბიჭები, ხელბორკილები დავიდეთ ჩვენ თვითონ ფორმალურად. კარები გაიღო, ბიჭებმა ხელი გადამხვიეს სახეზე რომ არ გამოვჩენილიყავი და წავედით პროკურატურაში, სადაც დაგვაკავეს“, – განაცხადა ბიბილურიძემ.
ბიბილურიძემ ასევე გაიხსენა დათა ახალაიას რეაქცია „ტელეიმედში“ სანრდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტებზე.
„ეს სიუჟეტები გადიოდა, „დროებაში“. ჩვენი მანქანა პატარკაციშვილის კამერამ რომ დააფიქსირა, შეხვედრაზე დათა ახალაია მეუბნება, რომ გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქოო, აღარ და აღარ მთავრდება სიუჟეტები ყოველდღე გადისო. საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიყვანო სასახლე და უნდა მივუგდო პატარკაციშვილსო. იგივე ელის მერე პატარკაციშვილსაცო“, – განაცხადა ბიბილურიძემ.
http://2030.news/