საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ქვეყნის ისტორიაში, 20 წლის განმავლობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
როგორც პაპუაშვილმა მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიაზე აღნიშნა, დღეს სასამართლო მეტ-ნაკლებად მაღალრეიტინგულ ინსტიტუციებში მოწინავე ადგილზეა.
მანვე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების ბიოგრაფიები გაიხსენა და მათ წარმატებები უსურვა.
”კარგად მოგეხსენებათ რა მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, მით უმეტეს საქართველოსნაირ ქვეყნებში. სასამართლომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მთელი 20 წლის პერიოდის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საკამოდ აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იყო ბევრი საქმე, რომლებიც რუტინული სამართლის ჩარჩოებში ჯდებოდა და გახმაურებული არ იყო საზოგადოებისთვის. თუმცა იყო საქმეები, განსაკუთებით ბოლო პერიოდში, როდესაც პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული ან სხვადასხვა პროცესთან იყო დაკავშირებული და უფრო ხმაურიანი და ცნობადი იყო საზოგადოებისთვის. თუმცა აღსანიშნავი არის ის, რომ ყოველთვის, ამ 20 წლის განმავლობაში, სასამართლოს მეტ- ნაკლებად მაღალი რეპუტაცია გააჩნდა. ეს აღიარებულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ასევე ქართული არასამთავრობობების მიერ.
ჯერ კიდევ 2006-2012 წლებში დაიდო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთა შეხსენებაც შესაძლოა დასჭირდეთ განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რომელთაც ავიწყდებათ ხოლმე. მაგალითად მანსურაშვილის საქმე, როდესაც სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ციტირება მოახდინა კაკაბაძის საქმეზე.
ხშირად პოლიტიკოსები იყენებდნენ ხოლმე გაუქმებულ ნორმას მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ, რომელიც 2011 წელს გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სხვადასხვა ნორმას შორის ერთ-ერთი იყო 20-მეტრიანი რადიუსის გაუქმება.
ასევე იყო სამი გადაწყვეტილება მოსმენებთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. როდესაც ინტერესი მეტია პოლიტიკოსების და ხელისუფლების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლო კრიტიკის ობიექტი ხდებოდა”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანმწესებული მოსამართლეების ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.