იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავებმა სასამართლოში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და კომპენსაციის სახით 100 მილიონი ევრო მოითხოვეს.
სამოქალაქო სარჩელი პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს, ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცასა და ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორ ატილიო ფონტანას წინააღმდეგ არის მიმართული.
სასამართლოში სარჩელი „Noi Denunceremo“-ს (სასამართლოს მივმართავთ) კომიტეტის წევრებმა შეიტანეს. აღნიშნული კომიტეტი იმ ადამიანების ახლობლებს წარმოადგენს, ვინც კორონავირუსით ბერგამოში გარდაიცვალა.
„ეს სარჩელი ჩვენი საშობაო საჩუქარია მათთვის, ვისაც უნდა გაეკეთებინა ის, რაც ევალებოდა, მაგრამ არ გააკეთა“, – განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა, ლუკა ფუსკომ.
კომიტეტში აცხადებენ, რომ როდესაც ლომბარდიაში ეპიდემიამ იფეთქა, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწრაფი ზომები ვერ მიიღო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 1 991 278 შემთხვევა დადასტურდა, 70 395 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 322 067 პაციენტი გამოჯანმრთელდა.