თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანში მყოფი თურქი სამხედროების მისია წარმატებული აღმოჩნდება.
29 დეკემბერს თურქი სამხედროები, რომლებიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ, აზერბაიჯანში გაემგზავრნენ.
„თავად ის ფაქტი, რომ თურქი სამხედროები აზერბაიჯანში იმყოფებიან, სიამაყის საგანია და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მაღალ დონეს ცხადყოფს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აზერბაიჯანელმ ერმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით 44 დღის განმავლობაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო აზერბაიჯანის არმიას მთიანი ყარაბაღის სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლება. თურქეთის მოსახლეობასაც უხარია აზერბაიჯანის გამარჯვება. ეს ჩვენი სიამაყის წყაროცაა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის სამხედროებს მოუწოდა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.