ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა ყველა რეგიონში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გელამ მიქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლის მიზანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ პროექტის განხორციელება.
„მეორე მთავარი პროექტი 2008 წელს დავიწყე და რისი ინიციატორიც ვიყავი, ეს იყო „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შექმნის კონცეფცია. პირველი პროექტი იყო „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, მაგრამ დღეისთვის ყველა ეს ზონა ბოსლად არის გადაქცეული.
პარლამენტში ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანია, რომ ეს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, რომელიც 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში კიდევ შევქმნა დაახლოებით 30 000 სამუშაო ადგილი. თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება ქვეყანაში, სიტყვას გაძლევთ დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტის მანდატს. ჩემთვის აპრიორი არაა დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია მინდა საქართველოს მოვახმარო. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა“, – განაცხადა მიქაძემ.