რამდენიმე საათის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა კოლმეურნეობის მოედანზე, პირიმზის შენობასთან მოხდა, სადაც პარტიის ოფისია განთავსებული.
მომხდარის შედეგად 5–მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გივი თარგამაძემ მედიისთვის პირველი კომენტარიც გააკეთა და ფაქტი, ტრადიციულად წინასაარჩევნო გარემოს და ხელისუფლებას დაუკავშირა. მასვე აყვნენ თანაგუნდელები და საერთო ე.წ მესიჯბოქსით ამცნეს მაყურებელს, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა უფსკრულისკენ მიდის. ეს ყველაფერი კი “რუსთავი2″–ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ამავე ფაქტიდან რამდენიმე წუთში, გივი თარგამაძე უკვე გადაცემა “არჩევანი”–ს პირდაპირ ეთერში იყო და ვრცლად თქვა სათქმელი, რომ ხელისუფლება მის პარტიას ებრძვის, რომ ქვეყანაში 90 იანი წლები ბრუნდება და რომ 8 ოქტომბრის შემდეგ კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება ხელისუფლებაში.
რამდენად ენდობა საზოგადოება ვერსიას, რომ აფეთქება ხელისფლების ინტერესში შეიძლება შედიოდეს და ეს ყველაფერი არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ეს ცალკე განსჯის საგანია.
ახლა კი გადავავლოთ თვალი ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და იმ ინფორმაციებს, რომელიც ვრცელდებოდა ფარული ჩანაწერების თუ მათივე გუნდის უკვე ყოფილი წევრების მხრიდან.
აი რას ამბობდა “თავისუფალი ზონის” უკვე ყოფილი წევრი ზვიად ჭიაბერაშვილი, რომელმაც ორგანიზაცია იმიტომ დატოვა, რომ ლიდერებისგან ასეთი დავალებები მოდიოდა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან პირდაპირ მივიღეთ დავალება, რომ არჩევნების შემდეგ უნდა მოვახდინოთ ქალაქის ლოკალიზება, კერძოდ უნდა დავწვათ საკუთარი ავტომანქანები.
თათბირებზე კობა ხაბაზი, ჩიორა თაქთაქიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გვაცნობენ დესტაბილიზაციის გეგმას, იმ შემთხვევაში თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, ჩვენ უნდა მოგვეხდინა დედაქალაქის ლოკალიზება საკუთარი ავტომანქანებით, კერძოდ უნდა დაგვეწვა მანქანები კანცელარიასთან და დედაქალაქის ცენტრში, რასაც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვინაზღაურებდა.
მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და ვტოვებ „თავისუფალ ზონას“. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი და ორგანიზაციის სხვა წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალური მოძრაობს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დესტაბილიზაციის მოწყობა 8 ოქტომბრის ღამიდან დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისთვის, ნუგზარ ჭიაბერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავია.
www.marshalpress.ge