პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითი გახლავთ ზუსტად ის, რაც ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა გაკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვაზე, პოლიტიკიდან წასვლით ბიძინა ივანიშვილი გაექცა თუ არა პასუხისმგებლობას.
„პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითი გახლავთ ზუსტად ის, რაც ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა გაკეთა. საზოგადოებამ ისინი აირჩია, რომ პარლამენტში ყოფილიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ დებატში, გადაწყვეტილების მღების პროცესში, ოპონირება გაეწიათ ხელისუფლებისთვის. ისინი არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს და მათ სწორედ უარი უთხრეს მოქალაეებისგან დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. აი, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევის კლასიკური მაგალითი“, – განაცხადა თალაკვაძემ.