თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, თავი შეიკავონ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
„აშშ სტამბოლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკით ეხმაურება. ამას აცხადებს ქვეყანა, სადაც პოლიციელები შეუიარაღებელ აფროამერიკელებს კლავენ. სჯობს საკუთარ თავს აგებინოთ პასუხი რასიზმისთვის. იგივე ეხება ემანუელ მაკრონს. სჯობს პარიზში გადაწყვიტოთ „ყვითელი ჟილეტების“ საკითხი. არ დავუშვებთ ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე დაგმო ემანუელ მაკრონის მოწოდება, ლიბიიდან თურქი სამხედრო სპეციალისტების გაყვანის შესახებ.
„მაკრონმა მაინც ვერაფერი ისწავლა. თურქეთის სამხედრო ყოფნა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში შეტანილი წვლილია“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.