გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმის შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
მმართველი კოალიციის ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საუბარია გადამწყვეტ ფაზაზე, როდესაც კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი გერმანიის ტერიტორიაზე ფართოდ ჯერ არ გავრცელებულა და საჭიროა ახალი შემთხვევების მატების შემცირება.
10 თებერვალს გერმანიის კანცლერი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებს შეხვდება. მხარეები გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმის გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, არსებული შეზღუდვები შენარჩუნდება.
5 თებერვალს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, სასარგებლო არ არის.
20 იანვარს გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში FFP2 და KN95 კლასის ან ერთჯერადი სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სკოლები და საბავშვო ბაღები დახურული დარჩება. გარდა ამისა, კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოკდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია. საპარიკმახეროები, მუზეუმები, თეატრები და სილამაზის სალონები არ მუშაობს, ხოლო მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.