ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მე არანაირად არ ვეგუები ამ ამბავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, მან პირნათლად მოიგო არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
„20.00 საათის შემდეგ მოდიოდა პირველადი შედეგები – ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება იყო ყველა უბანში“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მისივე თქმით, მან მაჟორიტარული არჩევნები სოფელ ინგირშიც მოიგო, სადანაც არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ სხვა სოფლებშიც გამარჯვება არ გაგვიჭირდებოდა“, – განაცხადა რულოვსმა.
მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა დარღვევებს, კერძოდ, საარჩევნო ყუთების გაფუჭებას, კომისიის წევრების გაქრობას, რის შედეგადაც ბევრი ის ბიულეტები ბათილად ცნეს, რომელებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს შემოხაზული.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში კიდევ რამდენიმე უბნის მონაცემები დათვალა.
ამ დროისთვის 49 უბნიდან 14 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,08 %-ით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს.