შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სენატორი ჯო დონელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ავტომანქანები დაათვალიერებინა, რომელთა მეშვეობითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და შესაძლო წყაროების გამოვლენა ხდება.
ვიზიტის ფარგლებში, სენატორმა ჯო დონელიმ და დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ეროვნული ანალიტიკური ცენტრი მოინახულეს, რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დამონტაჟებული რადიაციული პორტალების შედეგების ანალიზს უზრუნველყოფს. სტუმრებმა, ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სადახლო“ და საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა და ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა დაათვალიერეს.
შს მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს შეხვდა
2016/10/12 15:27:40
კომენტარები
ნანახია: 1278 ჯერ