„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტია მარნეულში მორიგეობის დაწესებას გეგმავს, რათა „ყოველი ღამე ჯოჯოხეთად არ უქციონ მარნეულის მოსახლეობას და სპეცრაზმით არ დაარბიონ“.
„ჩვენ ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ ღამით, მარნეულში დეპუტატები ღამის თევით იყვნენ და ასევე ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რომ ყოველი ღამე ჯოჯოხეთად არ უქციონ მარნეულის მოსახლეობას და სპეცრაზმით არ დაარბიონ. აქ ვიქნებით მარნეულში და როგორც კი გავიგებთ, რომ სპეცრაზმი კიდევ მივიდა ვინმეს ოჯახში, ჩვენც მაშინვე მივალთ”,- აღნიშნა ნადირაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ხელისუფლება, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ტერორისტული აქტების მოწყობაში, მე შეგახსენებთ გივი თარგამაძის საკითხს, რომელიც გამოძიებული ამ წუთამდე არ არის, ჩვენს მხარდამჭერებს, როგორც ტერორისტებს სპეცრაზმით შეუვარდნენ სახლებში. დალეწილია სახლები, ოჯახებიდან მოიპარეს ფული და ძვირფასეულობა. დღეს ჩვენი მხარდამჭერები და მარნეულის მცხოვრებელები დილიდან აქ დგანან და ითხოვენ, რომ გაირკვეს სად წაიყვანეს მათი შვილები. ამ დრომდე, სანამ ჩვენ არ ჩამოვედით ვერაფრის გარკვება ვერ მოხერხდა და ამ წუთშიც მხოლოდ ის ვიცით, რომ საქმეს იძიებს ქვემო ქართლის პოლიცის დეპარტამენტი”,- განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალადობს, რადგან აჰმედ იმამკულიევმა ვერ მოიგოს მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრა.