“ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ოფიციალურად ჯერ არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ კანდიდატებად ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი და გიორგი ვოლსკი მოიაზრებიან. თავად გიორგი ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს კანდიდატურა მისთვის მისაღებია, თუმცა პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან და სხვა საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ გამართულა.
“მე შემიძლია დავახასიათო ირაკლი კობახიძე და ვთქვა, რომ ის არის საკმაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მუშაკი, ადამიანი შესანიშნავი გამოცდილებით, შესანიშნავი ადამიანური თვისებებით და ძალიან მაღალი დონის განათლებით. მასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვიტყვი. თუკი ის განიხილება პარლამენტის თავმჯდომარედ, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ – ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. შეიძლება კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყოს. უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის და პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებები გვეცოდინება”, – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, “ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები არც მომავალი მთავრობის ფორმირების საკითხზე არ გამართულა. “ვის ისურვებდით ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ?” – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი”ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
“ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, მეორე ტურის შედეგებით ვინ იქნება პარლამენტის წევრი, ამიტომ რთული სათქმელია. მაჟორიტარებს შორის ალბათ, არის ხალხი, ვინც შეიძლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელდეს. ამიტომ ჯერ მე კონკრეტული კანდიდატურა არ მყავს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უფლებათადამცველი ლია მუხაშავრია.
“პარლამენტის თავმჯდომარეობა, უაღრესად მნიშვნელოვანი თანამდებობაა. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. იქ კი, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ბევრი რამ იქნება პარლამენტის თავმჯდომარეზე დამოკიდებული. რაც შეეხება კანდიდატურებს, მე ვფიქრობ, ახალ პარლამენტში არაერთი ახალი სახეა, რომელიც თავისუფლად გასწევს თავმჯდომარეობას. რა თქმა უნდა, ამას სათანადო გამოცდილება სჭირდება, მაგრამ იმდენი არა, რომ ნიჭიერმა კაცმა მცირე დროის განმავლობაში ვერ აითვისოს. ისე, ირაკლი კობახიძე არ არის ურიგო კანდიდატურა. რამდენადაც მე მას ვიცნობ, გაწონასწორებული კაცია, იოლად არ გამოდის მდგომარეობიდან და სწორედ ასეთი, დამშვიდებული ნერვების ახალგაზრდა კაცი სჭირდება მომავალ პარლამენტს”, – თვლის მწერალი რეზო მიშველაძე.
“ძალიან რთულია კონკრეტულ ადამიანზე ვისაუბრო, ამიტომ დავასახელებ კრიტერიუმებს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვა ადამინებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით სხვა შეხედულების მქონე ადამიანებთან. ეს მგონი ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის. ამ მხრივ, ძალიან კარგი კანდიდატი იყო დავით უსუფაშვილი. გარდა ამისა, ის უნდა იყოს ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან პოლიკიკურად მათ ენაზე საუბარი. ბუნებრივია, ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ ენას და არა ინგლისურს. პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ არის უცხო იმ გარემოში, სადაც სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე საუბრობენ. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი ნიშანია ის, რაც ადამიანის პროგრესულობის დამადასტურებელია და რომელიც აუცილებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვის“, – მიიჩნევს მედია ექსპერტი ია ანთაძე.
“კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება, თუმცა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კეთილსინდისიერად უნდა მუშაობდეს და განიხილავდეს იმ საკითხებს, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია და არა იმას, რაც დააანონნსეს, რომელიც შეიძლება, რომ ცოტა მოგვიანებით განიხილონ”, – ამბობს რეჟისორი გოგი თორაძე.
“მე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ვისურვედი. იმიტომ, რომ მშვიდი პერსონა მგონია. მართლაია “რუსთვი 2-ის” ეთერში ინერვიულა, მაგრამ იქ სანერვიულო იყო. სხვა მის ინტერვიუებს რომ ვუსმენ, არის მშვიდი, გაწონასწორებული, ცივი გონებით მოაზროვნე. ამასთანავე, ახალგაზრდაა და პერსპექტიული”, – დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.