საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერთან ერთად დაესწრო.
ევროპის მოედანსა და რიყეზე, თბილისობის ფარგლებში, რამდენიმე ფესტივალი იმართება. ასევე სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებია მოწყობილი.
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის მოედანზე მოწყობილ ყვავილების ფესტივალს ეწვია, მერთან ერთად რიყის ტერიტორია მოიარა, პატარებთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შემოდგომა ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს „თბილისობის“ დღესასწაულზე გავიდნენ და მშვენიერი დღესასწაულით ისიამოვნონ.
„უამრავი სიახლე გვაქვს, უამრავი ადამიანია გამოსული ბავშვებთან, ოჯახებთან ერთად, აქ კოოპერატივებსაც ჰქონდათ საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ, დღესასწაული უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა, მოხარული ვარ და მინდა ყველას მივულოცო, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა დოვლათის სიმბოლოა და სწორედ ასეთი დოვლათი, ბარაქა და მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს, განსაკუთრებით თბილისელებს ვულოცავ და ყველას მოვუწოდებ გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ მშვენიერი დღესასწაულით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.