საზოგადოების წარმომადგენლები მიმართვას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.
მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, “საქართველოს რესპუბლიკურ პარტია”, “ირაკლი ალასანია – თავისუფალ დემოკრატები”, “ახალ პოლიტიკურ ცენტრი – გირჩი”, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, “ახალ მემარჯვენეები”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”, “პოლიტიკურ პლატფორმას – ახალი საქართველო”, “საქართველოს ლეიბორისტულ პარტია”.
“არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. ყველას კარგად გვახსოვს, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე.