“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე განცხადებას ავრცელებს.
მან ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა შესაბამისი წერილი:
”საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარცდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – განზრახ მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც დათარიღებულია 18.10.1993 წლით და რომელშიც საქართველოს მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი (1993 წელს) ირინა სარიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობამდე ორი თვით ადრე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საუბრობს საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვს ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან.
23 წლის წინ, სწორედ ამ დღეს 18 ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა მთავრობის ვიცე პრემიერმა ირინა სარიშვილმა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გააკეთა განცხადება პირველი პრეზიდენტის ლიკვიდიციაზე. მან ბრძანა, რომ გამსახურდია ცოცხალი არ უნდა გაუშვან გროზნოში და იგი უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილი ფორმით. ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდა რასაც ყოფილი ვიცე პრემიერი ითხოვდა და გამსახურდია მოკლეს და საზოგადოებას შესთავაზეს სახეცვლილი ვერსია მომხდარისა რომ მან თავი მოიკლა.
,,უფლებადამცვეთა გაერთიანებამ’’ მთავარ პროკურატურაში შეიტანა წერილი სადაც დაფიქსირებულია მოთხოვნა დაკითხულ იქნეს საქართველოს ყოფილი მთავრობის ვიცე პრემიერი ირინა სარიშვილი მის მიერ 18.10. 1993 წელს გაკეთებულ განცხადებებსა და პირველი პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გარემოებებზე. შესაძლოა ირინა სარიშვილს გააჩნდეს ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება გამოძიებას და ხელს შეუწყობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებოს დადგენას”, – ნათქვამია მჟავანაძის განცხადებაში.