„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ის ორმხრივი თანამშრომლობის და ორი ქვეყნის ინტერესების ერთგული რჩება“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში წერია, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 375 ხმით დაამტკიცა.
„შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რომელიც მოსკოვმა აღიარა“ , – წერია დოკუმენტში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში. აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც გააგრძელებს.