საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის დროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ პროექტ „განახლებულ რეგიონებზე“ ისაუბრეს. ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ქალაქებში და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე პირადად მიიღო ინფორმაცია. ბარნაბიშვილის განცხადებით რეგიონების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია.
„ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტ „განახლებულ რეგიონებზე, რომელიც მოიცავს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩებისა და რეკრეაციული ზონების განახლება-რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან გამოთქმული იქნა ინიციატივა, რომ მიმდინარე პროექტებთან ერთად მათი სახსრებით მოხდება ქალაქების და სოფლების მოწესრიგება, ასევე განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, მე მათ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში სრული მხარდაჭერა აღვუთქვი,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 479 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავს.