თურქეთში ქალაქ იზმირის პროტესტანული აღდგომის ეკლესიის პასტორი ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი დააპატიმრეს.
ბრუნსონი, ერთი საიდუმლო მოწმის ჩვენების საფუძველზე, ფეთჰულა გიულენთან სავარაუდო სიახლოვის ბრალდებით დააკავეს.
გაზეთი „Hürriyet”-ის ინფორმაციით, იზმირის პოლიციამ, 20 წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ბრუნსონის წყვილს სახლში მიაკითხა. პოლიციამ სახლში ვერავინ იპოვა და მათ კარზე პოლიციაში გამოცხადების თაობაზე წერილი დაუტოვა. 7 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებული წყვილი, პოლიციამ დეპორტირებისთვის საემიგრაციო ადმინისტრაციას გადასცა.
„სავარაუდო ბრალდებით, ბრუნსონის წყვილი მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთ სქემაში მათი სახელებიც იყო ნახსენები და სავარაუდოდ, საზღვარგარეთიდან მათ ინფორმაციას აწვდიდნენ. მეუღლე ნორა გაათავისუფლეს, ხოლო ერთი თვეა საემიგრაციო ადმინისტრაციის დაკავების ცენტრში მყოფი ბრუნსონი წინა დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა, საიდანაც ის ფეთჰულა გიულენთან სავარაუდო სიახლოვის ბრალდებით დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ ბრუნსონის წინააღმდეგ ჩვენება საიდუმლო მოწმემ მისცა“, – წერს გამოცემა.