ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი 16 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი 2020 წლის 26 იანვარს, ვერტმფრენის კატასტროფისას დაიღუპა. იგივე ბედი ეწია პილოტსა და კიდევ შვიდ მგზავრს, რომელთა შორის იყო კობისა და ვანესას ქალიშვილი ჯანა.
კატასტროფის ადგილას მომუშავე ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა და მეხანძრეებმა დაღუპული ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ფოტოები გადაიღეს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა. ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ გავრცელებულმა ფოტოებმა ვანესა ბრაიანტის ემოციური სტრესი გამოიწვია. სასამართლომ გადაწყვიტა დაზარალებულისთვის 16 მილიონი დოლარის გადახდა.
კრის ჩესტერი, რომლის ცოლი და ქალიშვილი ასევე დაიღუპნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, 15 მილიონ დოლარს მიიღებს.