CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, – ამის შესახებ გამოცემა The Business Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
„CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ არ შეატყობინა მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ, რაც არის მოულოდნელი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სინგაპურში მიმდინარე სასამართლო განხილვის ბედი.
სასამართლო განხილვის პირველი 9 დღის განმავლობაში CREDIT Suisse Group-ის ტრასტის მთავარი ადვოკატი ლი ენგ ბენგი ამტკიცებდა, რომ ტრასტის პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების მართვით შემოიფარგლებოდა, და რომ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ქართველი ბიზნესმრჩეველი იღებდა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზარალის შესახებ. თუმცა 16 სექტემბერს ლიმ მოსამართლეს განუცხადა, რომ ტრასტმა დაარღვია საკუთარი, როგორც ნდობით აღჭურვილი მმართველის ვალდებულებები, კომპანია Meadowsweet-ში ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით.
„მოპასუხემ აღიარა, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მას უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი, მათ შორის პირდაპირ დაჰკავშირებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების კანონიერების შესამოწმებლად“.
CS Trust-ის ადვოკატების მიერ სტრატეგიის შეცვლა წარმოადგენს ქვიშაზე ხაზის გავლების მცდელობას, რათა შემცირდეს ტრასტის თანამშრომელთა ჩვენებების შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ნეგატიური შედეგი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტრასტისგან ზარალისა და დაკარგული შემოსავლის სახით 800 მილიონ დოლარს ითხოვს, რომელიც მას, მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში უნდა მიეღო, ფული რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო ინვესტირებული. გასულ კვირაში ივანიშვილმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ მანამდე, ადრეულ ეტაპზე განხორციელებული რამდენიმე ინვესტიციის გარდა, ის არაფერს მართავდა და გადაწყვეტილებების მიღება ბანკირ პატრის ლესკადრონს დააკისრა.
ფრანგი ბანკირი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს. მან შექმნა სქემა, რომლის მიხედვითაც აყალბებდა ხელმოწერებს და სავაჭრო ბრძანებებს, რათა თავისი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი დანაკარგები დაეფარა.
მარტში ივანიშვილმა მოიგო $607 მილიონიანი სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის ადგილობრივმა განყოფილებამ ლესკადრონის თაღლითობაზე თვალი დახუჭა. CS Life-ი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ივანიშვილის სპიკერმა, ისევე შვეიცარიული ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოში ლის მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვეს.
სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მხარის ჩვენებებითა და დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება, განაჩენის გამოტანა კი 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სტატიაში.