მომავალ კვირას რუსეთში, სავარაუდოდ, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდება და გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ოფიციალურად აეკრძალებათ. ამის შესახებ რამდენიმე რუსული რესურსი წერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო სათათბიროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამან შესაძლოა რუსეთში საპროტესტო აქციები, პუტინის რეიტინგის დაცემა, კრემლში სიტუაციის დაძაბვასა და სახელმწიფო გადატრიალებაც კი გამოიწვიოს.
გამოცემა „უტრო ფევრალიას” ინფორმაციით, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში – ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში, ასევე დიდ ქალაქებში – მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინგბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკსა და ყაზანში.
ამავე წყაროს ცნობით, ამ ოლქებსა და ქალაქებში გამოცხადდება კომენდანტის საათი, რომელიც 22:00-დან დაიწყება. გასაწვევი ასაკის – 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს კი, ქვეყნის დატოვებასთან ერთად, რუსეთის რეგიონებს შორის გადაადგილებაც აეკრძალებათ.
„უტრო ფევრალია” წერს, რომ საზღვარი გასაწვევი ასაკის მამაკაცებისთვის 27 სექტემბრიდან ჩაიკეტება. მათივე ცნობით, ამ თარიღის შესახებ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე თავად რუსი მესაზღვრეები ეუბნებიან არაოფიციალურად რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებიც საზღვარგარეთ გადიან.
გამოცემა „მედუზას” ინფორმაციით კი, 18-დან 60 წლამდე რუსი მამაკაცებისათვის საზღვარი 28 სექტემბრიდან დაიკეტება. „მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვრის ჩაკეტვა უკრაინის 4 ოლქში ე.წ. რეფერენდუმების დასრულების შემდეგ მოხდება. ცნობისათვის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან მიერთების შესახებ „რეფერენდუმები” 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთში იგეგმება გამსვლელი ვიზის შემოღება, რომლის გარეშეც რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ გასვლას ვერ შეძლებენ. ასეთი ვიზები კომისარიატებში გაიცემა, თუმცა, ამ ვიზის ასაღებად კომისარიატში მისულმა მამაკაცებმა შეიძლება ვიზის ნაცვლად ჯარში გაწვევის უწყება მიიღონ.
ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას საზღვრების ჩაკეტვა და საომარი მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო დაძაბავს.
„პუტინი აპირებს, რომ რუსეთში გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა. ამით მას საშუალება ეძლევა რუს მოქალაქეებს, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან, აუკრძალოს საზღვრის გადაკვეთა და რუსეთის დატოვება. ამის გამო რუსეთში გაჩნდება საკმაოდ მასშტაბური პროტესტის ტალღა. არავის არ სურს წასვლა ომში, განსაკუთრებით კი თანამედროვე რუსებს. მით უფრო, რომ არ არის გამოკვეთილი რისთვის უნდა იბრძოლონ რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინის წინააღმდეგ.
„დიდი ალბათობით, შესაძლებელია აღნიშნულმა გამოიწვიოს საპროტესტო აქციები, დაძაბულობა კრემლში, პუტინის რეიტინგის დაცემა და მისი გადაყენებაც კი“, – განაცხადა მაისაიამ „რეზომნანსთან”.